Published on: 25 January 2017
Mercedes-Benz E 200D W124 რომელმაც 1 000 000 კილომეტრი დაფარა
ზინდელფინგენში არსებული Daimler -ის ქარხნის თანამშრომელმა მიხაელ ნიკლმა თავისი Mercedes-Benz E 200 D W124 1992 წელს შეიძინა. იმ დროს ასეთი ავტომობილის შესაძენად ბაზურ კომპლექტაციაში უნდა გადაგეხადათ 40 ათასი გერმანული მარკა. ამასთან ქარხნის თანამშრომლები სპეციალური კორპორაციული ფასდაკლებებით სარგებლობდნენ.
თითქმის საუკუნის მეოთხედი ავტომობილის პატრონმა ელექტრო შუშებისა და კონდიციონერის გარეშე გაიარა. თუმცა სალონში მაინც არის ერთი სასიამოვნო ოფცია – სახურავში ჩამონტაჟებულია ელექტრონული ლუქი.
E 200 D აღჭურვილია მოკრძალებული 75 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ავტომობილმა 1 000 000 კილომეტრის გავლას მოანდომა, მისმა საწვავის დანახარჯმა 100 კმ -ზე საშუალოდ 6 ლიტრი შეადგინა.
პატრონის თქმით ავტომობილს სერიოზული გაუმართაობა არ ჰქონია. ბოლო ინციდენტი 2003 წელს მოხდა, როდესაც Mercedes-Benz E 200 D W124 -ის ოდომეტრი 445 000 კმ -ს აჩვენებდა – გაფუჭდა გადაბმულობა.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის რეგისტრაციიდან გერმანელი თავისი W124 -ის ყველა დანახარჯის აღრიცხვას აკეთებს. ბოლო მონაცემებით, ავტომობილის შეძენიდან მიხაელმა მის მოვლას 58 000 ევრო დაახარჯა, ხოლო საწვავს 53 000 ევრო.