სტატიები

Published on: 08 April 2017

ბევრისთვის უცნობი ქართული პროექტი – AUDI 100 Coupe S ” TEO”

რამოდენიმე დღის წინ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ვიდეო რგოლის კომენტარებში საინტერესო ქართული პროექტის AUDI 100 Coupe S ” TEO” -ს ფოტო აღმოჩნდა. რამაც როგორც ჩვენი, ასევე მომხმარებლების მოწონებაც დაიმსახურა. დეტალებზე დრაივერი მის ავტორს დათო თედელურს დაუკავშირდა.

D: მოგვიყევთ თქვენს შესახებ, რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

ჩემი პროფესია ელექტროობაა და ჩემი ამჟამინდელ საქმიანობის სფეროსაც ეს წარმოადგენს. ადრე ერთ-ერთ ცენტრში ვმუშაობდი, თუმცა კლიენტების სიმცირის გამო წამოვედი. ახლა სახლში – საკუთარ ავტოფარეხში ვმუშაობ. Audi -სა და VW -ის ელექტროობას რაც ეხება ყველაფერს ვაკეთებ. ასევე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რაც ავტომობილს ეხება, გარდა შეღებვისა. მომავალში ამის სწავლასაც ვგეგმავ. ჰობი კლასიკური ავტომობილებია და აღნიშნული პროექტი საკუთარი ძალებით მაქვს დამთავრებული. სამომავლო გეგმებში სხვა პროექტებიცაა.

D: რა იცით ავტომობილისა და მისი ისტორიის შესახებ?

ეს არის 1973 წლის Audi 100 Coupe S -ი. საბუთებში 1975 უწერია, თუმცა ვინ კოდი 1973 წელს აჩვენებს. მოდელი საექსპორტოდ საფრანგეთში 30 000 -იანი ტირაჟით იყო გამოშვებული. დღეს-დღეისობით ევროპაში აღრიცხვაზე მაქსიმუმ 200-250 მოდელია, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოშია. ავტომობილი ექსპორტზე არსად გასულა.

კონკრეტულად ამ ავტომობილის ისტორიის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ ის საქართველოში დაახლოებით 30 წლის წინ შემოვიდა და პატრონს, რომლისგანაც ვიყიდე, ავტოფარეხში 10 წელი ეყენა.

D: მოგვიყევით პროექტის შესახებ, რატომ კონკრეტულად ეს მოდელი და რა სირთულეები გქონდათ მასზე მუშაობისას?

მე მიყვარს Audi  და მიყვარს კლასიკური ავტომობილები. ეს იყო ჩემი საყვარელი მოდელი რაც კი “აუდს” შეუქმნია, შესაბამისად ეს ავტომობილი, რომ დავინახე, ვიყიდე და საკუთარი ძალებითა და ხელებით თავიდან ბოლომდე გავაკეთე.

 

როოდესაც ეს ავტომობილი ვიყიდე პრაქტიკულად ზედ არაფერი ჰქონდა და მომიწია ყველაფრის ნულიდან დაწყება, დეტალების უცხოეთში ძებნა, რაც დიდ სირთულეებს წარმოადგენდა , რადგან ახალი არ არსებოს და მხოლოდ მოყვარულებს აქვთ. ყველაფერი ამ მანქანის გერმანულ, ბერძნულ და ბრიტანულ კლუბებში ვიყიდე. ტრანსპორტირების დროს უამრავი დეტალი დამიკარგეს.

ავტომობილს  ყველაფერი ორიგინალი აქვს: სავალი ნაწილები, ქრომის დეტალები, ფარები, მინები და ინტერიერი, რომელშიც მხოლოდ შეცვლილია მასალა და ფერი. ერთი რაც ავტომობილს არ აქვს ეს არის უკანა ბამპერი, რასაც ვერ ვშოულობ. ძრავი აღდგენილია თავიდან ბოლომდე.

საერთო ჯამში ავტომობილზე 5 წელია ვმუშაობ და  მასზე დაახლოებით 35 000 ლარი მაქვს დახარჯული.

🙂

Posted by AUDI 100 Coupe S " TEO" Project on Mittwoch, 22. Februar 2017

 

D: რას გვეტყვით ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებზე?

ქარხნულად ძრავის მოცულობა 1,9 ლიტრს შეადგენს, თუმცა რემონტის შემდეგ, გადიდებული დგუშებით 2,0 შეადგინა, რაც ნორმალურია. სიმძლავრე 112 ცხ.ძ. და 160 ნმ, რაც შესაბამისად გაიზარდა და მგონი ახლა ავტომობილს 120 ცხ.ძ. -მდე ექნება. 0-100 კმ/სთ აჩქარებას დაახლოებით 10 წმ -ში აკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ -ია. ამ სიჩქარით არ მივლია, მაგრამ 160 კმ/სთ თავისუფლად განავითარა და არც 185 გაუჭირდება.

My coupe s rolling 80-160 1 passenger

Posted by AUDI 100 Coupe S " TEO" Project on Mittwoch, 18. Januar 2017

 

საინტერესო არის ის, რომ არის წინა წამყვანი  და სამუხრუჭე სისტემა, რომელიც გადაცემათა კოლოფზეა, საბურავებს ყუმბარებით უერთდება. საწვავის მოხმარება ქალაქში 11-12 ლიტრს შეადგენს.

საკმაოდ რბილი და კომფორტულად სამართავი ავტომობილია. ერთი სიტყვით ამ წლოვანების მანქანის სიარულმა მე ყველანაირად გამაოცა.

 

 

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑