სტატიები

Published on: 08 June 2018

პირველი პორშე, წყალზე გაგრილებადი ძრავით! – Porsche 996

“რომ გავიზრდები, ჩემი ავტომობილი აუცილებლად პორშე იქნება!” –მოტივირებული ახალგაზრდებისგან ამ ფრაზას ხშირად გაიგებთ და ალბათ, მიზეზის გარკვევა არაა საჭირო. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ზუსტად იცის, როგორია ყველასათვის საოცნებო მანქანა და ამ ცოდნას უკვე ათწლეულებია სპორტქარების შესაქმნელად იყენებს.

პორშე 996-ის სრულიად ახალი დიზაინი პინკი ლაიდმა შექმნა და მას ძალიან ცოტა საერთო ჰქონდა მის წინა მოდელებთან. ახალი კარკასი, ინტერიერი და პირველი წყალზე გაგრილებადი ძრავი. როგორც ყოველთვის, პორშე მისი უნიკალური მოდელების ორი დიზაინით – კუპეთი და კაბრიოლეტით გვანებივრებდა და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. ახალი 996, რომელიც პირველად 1998 წელს გაიყიდა. თავდაპირველად, უკანა წამყვანი თვლებით, 3.4 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავით იყო წარმოდგენილი, რომელიც 296 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

პორშე 996-ის მოდელის წინა ნაწილი ძალიან ჰგავდა ბოქსტერისა და კარერას ვიზუალს, ამიტომ მათი მფლობელები ხშირად წუწუნებდნენ, რომ პორშემ მათი უნიკალური დიზაინის მქონე ძვირადღირებული ავტომობილები, რომლითაც ისინი მუდამ ტრაბახობდნენ, ახლა უკვე თითქმის ყველასთვის ხელმისაწდომი გახადა.

2000 წელს პორშე იწყებს 996-ის ტურბინიანი სპორტქარის წარმოებას, რომელიც ოთხი წამყვანი თვლით იყო აღჭურვილი, ფლობდა გაზრდილ მოცულობას, 3.6 “ტვინ-ტურბო” ძრავსა და გაგრილების გაუმჯობესებულ სისტემას, რაც საერთო ჯამში, 420 ცხენის ძალით გამოიხატებოდა. ტურბინიანი მოდელი 60 კმ/სთ-ით აჩქარებას უკვე 4.2 წამში ახერხებდა.

პორშე 911-ის 6 თაობას შორის, დღევანდელი პორშეს ყველაზე ახლო ნათესავად სწორედ 996-ის დიზაინი ითვლება, რომელმაც მის სიმძლავრესთან ერთად, არაერთი ჯილდო მოუტანა კომპანიას. კომპანიამ 996-ის უამრავი კერძო შეკვეთა მიიღო. გემოვნება იცვლებოდა, სალონის მატერიისა და რა თქმა უნდა, ვიზუალის ფერის მიხედვით, თუმცა მისი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია არაბმა შეიხმა 2001 წელს შეიძინა, მისი მთავარი მოთხოვნა – ავტომობილის მოოქროვება იყო.

პორშე 996-ის წარმოება 2004 წელს დასრულა და ის Porsche Type 997-მა ჩაანაცვლა. მანამდე კი 996-მა კარგად დაგვამახსოვრა თავი როგორც დიდებს, ასევე პატარებს. “პიქსარის” მულტფილმში „მანქანები“ ცისფერი პორშე 996, ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის – „სალის“ როლს ასრულებს.

თეგები: , ,


Back to Top ↑