სტატიები

Published on: 08 February 2018

როგორი შეიძლება იყოს ქართული ჯავშანტრანსპორტიორი? “ბასიანი ჰანტერი” – ქართველი ინდუსტრიული დიზაინერის კონცეფცია

„ბასიანი ჰანტერი“ არის ჯავშანტრანსპორტიორის ახალი იდეა და მომავლის კონცეპტუალური ხედვა, რომლის დიზაინიც დაიბადა საქართველოში. მისი მთავარი შთაგონება უკვე კარგად ცნობილი „დიდგორი“ გახდა, რადგან არაფერი ისე არ მოქმედებს ადამიანზე, როგორც კარგი მაგალითი. ამ ტიპის ტრანსპორტის შექმნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, გასათვალისწინებელია უამრავი ტექნიკური დეტალი. ზოგადად, ჯავშანტრანსპორტიორის ვიზუალურ მხარეს ნაკლები დატვირთვა აქვს, თუმცა სწორად შერჩეული ფორმები ავტომობილის უსაფრთხოების და წარმატების გარანტიას იძლევა. ფორმა ყოველთვის მისდევს ფუნქციას – სწორედ ეს არის „ჰანტერის“ დიზაინის მთავარი  მიმართულება. თუ პროდუქტმა თავისი ფუნქცია არ შეასრულა, მისი ვიზუალი მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად წარუმატებელი ნაბიჯი.

დასაწყისისათვის საჭირო იყო შესაბამისი სახელის მოფიქრება. ”დიდგორს” სახელი 1121 წელს, დავით აღმაშენებლის მეთაურობით ჩატარებული სახელგანთქმული ბრძოლის აღსანიშნავად დაერქვა. ახალი ქართული მრავალფუნქციური დაჯავშნული კონცეპტის სახელი კი 1202 წლის ბასიანის ბრძოლის აღსანიშნავად შეირჩა, რომელიც თამარის მეფობის პერიოდში იყო. მანქანის ლოგოც კი ძველი ქართული ფარის შთაგონებით შეიქმნა. „ჰანტერი“ (Hunter) კი ინგლისურიდან ქართულად მონადირეს ნიშნავს. „ბასიანის“ მთავარი მიზანია, ეკიპაჟის უსაფრთხო გადაადგილება, სამხედრო ოპერაციის ჩატარება სხვადასხვა პირობებში და დაზვერვითი სამუშაოების განხორციელება.

„ბასიანი ჰანტერის“ ბორტზე შესაძლებელია 9 ჯარისკაცის განთავსება. მათგან ერთი დისტანციურად მართავს ავტომობილის სახურავზე განთავსებულ ცეცხლსასროლ მოწყობილობას. ინტერიერში მოხვედრა შესაძლებელია როგორც უკანა კარით, ასევე გვერდითა კარებებით. ეს საშუალებას იძლევა აქტიური ცეცხლის დროს ეკიპაჟმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოახდინოს ავტომობილიდან ევაკუაცია. „ჰანტერი“ აღჭურვილია ორი სტაციონალური და ერთი პანორამული ვიდეო კამერით, რომელთაც აქვთ ღამის ხედვის ფუნქციაც. ასევე ავტომობილის წინა მხარეს გრილის გვერდით განთავსებულია რელიეფის სკანირების კამერა რაც უზრუნველყოფს „ბასიანის“ გადაადგილებას შეზღუდული მხედველობის დროსაც. ამავე სკანერთან ახლოს განთავსებულია ყუმბარმტყორცნი, რომლის მთავარი მიზანია ხელოვნური დაბრკოლების განადგურება და „ჰანტერისთვის“ გზის გახსნა.

ავტორი: გიორგი თედორაძე, ინდუსტრიული დიზაინერი

ჯავშანტრანსპორტიორის შექმნისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის ფსკერს, რადგან ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში ჯავშანმა ეკიპაჟის წევრები უნდა დაიცვას. „ჰანტერის“ ფსკერი V ფორმის და სამ ფენიანი სენდჩვიჩის ტიპისაა. პირველი ხელს უწყობს ნაღმზე აფეთქების დროს ნამსხვრევების ასხლეტვას და გაფანტვას, მეორე კი ნაღმის აფეთქების პირველ ტალღას იღებს და ავტომობილს ტოვებს საბრძოლო მდგომარეობაში.

„ბასიანი“ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ნამუშევარია, შესაბამისად, რთულია ძრავზე საუბარი, თუმცა მისიიდან და ზომებიდან გამომდინარე, 8 ცილინდრიანი ძრავი საკმარისი იქნება კარგი მანევრირებისათვის.

„ბასიანი ჰანტერი“ არის დიზაინერული ჩანაფიქრი, რომელიც გაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს ქართული ჯავშანტრანსპორტიორი მომავალში. ჩვენი ისტორია მოდუნების საშუალებს არ გვაძლევს, ამიტომ საჭიროა დაწყებულის განვითარება და მისი მუდმივი დახვეწა.

თეგები: , ,


Back to Top ↑