Published on: 07 December 2017
#ნუშეზღუდავ – ილიაუნის სტუდენტების კამპანია შშმ პირების უფლებების დასაცავად
კამპანია #ნუშეზღუდავ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ ) პირთა უფლებების დასაცავად დაიწყეს. ორგანიზატორების თქმით, კამპანიის ფარგლებში, „სტიკერებს“ იმ ავტომობილებს აკრავენ, რომლებიც ტროტუარებზე არსებულ პანდუსებთან დგანან, ან შშმ პირებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომს იკავებენ.
„არასწორად დაყენებული ავტომობილების გამო, შშმ პირებისთვის ქალაქში გადაადგილება გართულებულია. დაკავებულია არა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი პარკინგი, არამედ ჩაკეტილია ტროტუარი, რაც გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. გარდა ამისა, წარმოუდგენელია იმ „ადაპტირებული“ ადგილების გამოყენება, რომელიც შშმ პირებისათვის შექმნეს, მაგრამ სრულიად არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს. ჩვენი კამპანიის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით გარკვეული ცვლილებების განხორციელება“.