Published on: 07 September 2015
დათა ქაჯაია ევროპაში დაუმარცხებელია
ამას უკვე მივეჩვიეთ. ქართველი მრბოლელი ყველაფერს იგებს, სადაც ფეხს დადგამს. თანაც არც მარტო გამარჯვებებია აღსანიშნი. დათა ძალიან სწრაფად ეჩვევა ახალ ტექნიკას, გაზრდილ სიმძლავრეს, მისთვის უცნობ ტრასებს. და ყოველთვის, მისთვის ახალი სერიის პირველივე რბოლიდან, გამარჯვებისთვის იბრძვის. ასე იყო ლეჯენდსის კლასის ორ სხვადასხვა ევროპულ სერიაში. ასეა ევროპის ტურინგის კლასის ავტომობილების თასზეც (ETCC), რომელშიც ამ სეზონიდან ჩაერთო და თავის კლასში ყველა, უკვე რვავე რბოლა მოიგო!
მორიგი ორი გამარჯვება ბრნოს (ჩეხეთი) ავტოდრომზე, ამ უქმეებზე მოიპოვა. თანაც, ორივეში აბსოლუტურ ჩათვლაში მესამე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მის TC2T კლასის „ბეემვეზე“ გაცილებით სწრაფ „სეატების“ მთელი დასტა მოიტოვა უკან. კიდევ ორი საინტერესო ფაქტი: პირველ რბოლაში, დათას ყველაზე სწრაფი წრე არ დაუფიქსირებია, მაგრამ სტაბილურობით შეძლო უფრო სწრაფების უკან ჩამოტოვება. მეორეში კი გამარჯვებულებზე უკეთესი სწრაფი წრე ჰქონდა. და მათ მხოლოდ წამით ჩამორჩა. უფრო მეტიც, მეორე რბოლის დასაწყისში ის ლიდერიც კი იყო.
პირველი რბოლა დათამ აბსოლუტურში მეხუთე ადგილიდან დაიწყო, მაგრამ უკეთესი პოზიციისთვის ბრძოლაში, ერთდროულად ორ მეტოქესთან (უფრო სწრაფი „სეატებით“ მოასპარეზეებთან) ჰქონდა კონტაქტი და იმისათვის, რომ რბოლა ნაადრევად არ დაეტოვებინა, ზედმეტ რისკს მოერიდა. ამის გამო მე-7 პოზიციაზე გადაინცვლა, მაგრამ სასტარტო ვნებათაღელვა ჩაცხრა თუ არა, მაშინვე შეუდგა საქმეს და ერთმანეთის მიყოლებით გაუარა რონი ჯოსტს, დეჟან ბულატოვიჩს და ანდრეას პფისტერს. ბოლოს კი ადგილობრივი პეტრ ფულინიც უკან ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზი მესამემ (აბსოლუტურში) გადაკვეთა. რაც მთავარია, თავის კლასში გამარჯვება მოიპოვა.
მეორე რბოლაში, რომელიც ადგილიდან სტარტით დაიწყო, დათა სტარტზე მეექვსე იდგა (რევერსის წესის გამო), მაგრამ ბრწყინვალე სტარტი აიღო და პირველ მოსახვევში მეორე შევიდა, ცოტა ხანში კი დაწინაურდა კიდეც! ექვსი წრის განმავლობაში დათა ლიდერი იყო. მაგრამ „სეატის“ ორმა პილოტმ გასწრება მაინც შეძლო – ესპანური ავტომობილი დათას „ბეემვეზე“ მსუბუქიცაა და მძლავრიც. ეს კი ბრნოს აღმართიან მონაკვეთებზე, მეტოქეებს დიდ უპირატესობას ანიჭებდა. მოკლედ, ისევ მესამე ადგილი აბსოლუტურში, TC2T კლასში კი ისევ (სეზონშიმერვე) გამარჯვება!
მორიგ, მეხუთე ეტაპს, ბელგიის ცოლდერი ორ კვირაში უმასპინძლებს. სეზონი კი 11 ოქტომბერს, იტალიის ენა პერგუზას (სიცილია) ტრეკზე დასრულდება.
წყარო: Rim.ge