Published on: 28 February 2017
ჩინურმა ელექტროქარმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა (+ვიდეო)
ტეხასის შტატში Circuit of the Americas -ის (COTA) სარბოლო ტრასაზე ჩინური უპილოტო ელექტროქარის NIO EP9 -ის სატესტო გასვლები გაიმართა. მწარმოებლის თქმით უპილოტო რეჟიმში ავტომობილმა განავითარა 258 კმ/სთ სიჩქარე და 5,5 კმ 2 წუთსა და 40 წამში გაიარა. ამრიგად კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დამყარდა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი ამ კლასის ავტომობილებში.
იგივე წრე ავტომობილმა მძღოლის დახმარებითაც გაიარა. რის შედეგადაც შედეგი ნახევარი წუთით გაუმჯობესდა. მძღოლის დახმარებით EP9 -ამ 273,5 კმ/სთ განავითარა და 5,5 კმ დისტანცია 2 წუთსა და 11 წამში გაიარა.
რამოდენიმე თვის წინ, 2016 წლის 12 დეკემბერს, ელექტროქარების მწარმოებელმა პირველი რეკორდის შესახებ განაცხადა. მაშინ NIO EP9 -ამ ნიუბურგრინგის ტრასაზე დაამყარა რეკორდი – 20,8 კმ 7 წუთსა და 5,12 წმ -ში გაიარა.
EP9 იწარმოება ჩინური კომპანია NextEV -ის ქვედანაყოფის მიერ. ავტომობილი აღჭურვილია ოთხი ელექტრონული ძრავით, რომელთა საერთო სიმძლავრეც 1360 ცხ.ძ. -ს შეადგენს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 313 კმ/სთ -ია. 0-100 კმ/სთ აჩქარებას კი 2,7 წმ -ში აკეთებს. ავტომობილი იმუხტება 45 წუთში და შეუძლია 427 კმ -ის დაფარვა.