ავტოსპორტი

Published on: 31 July 2015

აფხაზავამ სპა-ფრანკორშანზე წვიმაში გაიმარჯვა

ბელგიურ ტრეკ სპა-ფრანკორშანზე, „ლამბორგინის“ მონო სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს მეოთხე ეტაპის ორი რბოლა გაიმართა, რომელშიც მოყვარულთა კლასში (სულ სამი კლასია – პროფესიონალები, ნახევრად პროფესიონალები და მოყვარულები), საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი, შოთა აფხაზავა მონაწილეობს. აფხაზავამ ორიდან თავის კლასში ერთი რბოლა მოიგო, მეორეში მეოთხე ადგილი დაიკავა და კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა. პირველი რბოლა მშრალ ამინდში ჩატარდა. ქართველმა მრბოლმა ის მე-19 პოზიციიდან დაიწყო, თუმცა პირველივე წრეზე სამი პოზიციით წინ წაიწია. ერთსაათიანი რბოლის მსვლელობისას, რომლის დროსაც, ტრასაზე ორჯერ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, აფხაზავამ აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მე-12 ადგილამდე ამოწევა შეძლო, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე სამუხრუჭე სისტემა დაუზიანდა და ამის გამო, 21-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. მეორე რბოლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით გაიმართა. ამის გამო, პირველი 25 წუთი, გრძელი პელოტონი უსაფრთხოების მანქანამ ატარა. აფხაზავამ სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო და პირველივე წრეზე, ისევ სამი პოზიციით წინ წაიწია. შუა რბოლისას, როცა პიტლეინი გაიხსნა, ქართველი მრბოლი აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მერვე ადგილამდე დაწინაურდა, თუმცა მალე თავადაც მოუწია ბოქსში შესვლა და იქიდან დაბრუნებული, მე-14 ადგილზე აღმოჩნდა. საბოლოოდ, ურთულესი რბოლა, რომლის დროსაც, პილოტებს მეტწილად წინ მიმავალი მანქანებისგან დატოვილ წყლის შხეფებში უწევდათ გზის გაკვლევა, აფხაზავამ მე-12 ადგილზე დაასრულა, თავის კლასში კი გამარჯვება მოიპოვა. „რბოლის დასაწყისში მცირე კონტაქტის და წვიმის მიუხედავად, რომელმაც რბოლაზე დიდი გავლენა იქონია, AM კლასში პირველივე წრიდან ლიდერობის შენარჩუნება შევძელი. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან ძალიან რთულ პირობებში მოვიპოვე“, – ნარბოლევს განაცხადა აფხაზავამ. ამგვარად, ოთხი ეტაპის შემდეგ, აფხაზავას ანგარიშზე სამი გამარჯვება (მონცა, სილვერსტოუნი და სპა) და ორი მეორე ადგილია (მონცა და სილვერსტოუნი), რითაც 89 ქულა დაუგროვდა და თავის კლასში დამაჯერებლად ლიდერობს.

წყარო: Rim.ge

i_2f2c260b76c7505280ba36ef492ec20e_1438261143983325_0

i_4f812bd39c5e328b3232312df8ef82f9_1438261145150447_0

i_e551b4ac5ae50bad8efd9bb34e88823d_1438261145487528_0

თეგები: , ,


Back to Top ↑