Published on: 20 July 2015
GlobalGathering რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე
სექტემბერში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, საქართველოში პირველ ყველაზე მასშტაბურ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GlobalGathering-ს უმასპინძლებს.
ლეგენდარული ბრიტანული ფესტივალი, 2001 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. 2013 წელს GlobalGathering დიდ ბრიტანეთში #1 მუსიკალურ მოვლენად აღიარეს.
ფესტივალი იქნება ერთ დღიანი და საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე გაგრძელდება. GlobalGathering იმდენად განთქმული და განსხვავებული ბრენდია, რომ ელექტრონული მუსიკისმოყვარულები მას წლიდან წლამდე ელოდებიან.
ალბათ გაინტერესებთ თუ ვინ წარსდგება ფესტივალის სცენაზე.. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს ორგანიზატორთან:
“შემსრულებლების სრული ჩამონათვალი საზოგადოებისთვის ცნობილი სულ მალე გახდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჰედლაინერი იქნება მუსიკალური პრემია Grammy-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების არაერთგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლეგენდარული DJ, რომლის დონის მუსიკოსიც ამ მიმდინარეობაში, საქართველოში ჯერ არ არის ნამყოფი. ფესტივალზე ასევე დაუკრავენ, ცნობილი ქართველი და უცხოელი DJ-ები. GlobalGathering საქართველო 2015-ის ფარგლებში მოხდება „ბრავო რექორდსის“ პროდიუსერის, ბორიკო შხიანის პირველი ქართული ელექტრონული მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია. ეს გახლავთ ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დებიუტი “progressive house”-ის მიმართულებით. გარდა ამისა, ფესტივალი დატვირთული იქნება საინტერესო და სახალისო წარმოდგენებითა და ელემენტებით, რაშიც ჩართულია სტუდენტური ორგანიზაცია „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 11 სექტემბერს, ფესტივალის სტუმრებს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელით.”
წყარო: Rim.ge