Published on: 24 March 2015
ლაშა ღლონტი:” საქართველოში ტარება ნერვიულობაა და სტრესი”.
დრაივერი გაესაუბრა ლაშა ღლონტს, რომელმაც უპასუხა ჩვენს კითხვებს და ამ ყველაფერს ინტერვიუს სახით გთავაზობთ.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
ავტომობილის ტარება ძალიან გვიან ვისწავლე, ისიც ისე რა. მიყვარს როცა ვინმე მატარებს, იმიტომ რომ საქართველოში ტარება ნერვიულობაა და სტრესი.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
Kia Sportage , რადგან ტარება მესწავლა. შემდეგ იყო Nissan -ი და მერე Mercedes -ი. მაგრამ მე შემექმნა პრობლემა, თვალზე ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც ქირურგობასა და მძღოლობას შევეშვი.
D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?
ამჟამად Mercedes -ი (ფოტოზე) . ჩემი მეუღლე ატარებს, ფაქტიურად მისია.
D: თქვენი ოცნების ავტომობილი?
Jaguar xf-ი ძალიან მაგარია, ჩემ სიძეს ჰყავდა, საოცარი მანქანაა. ისე “მერსედესისტი” ვარ, იმიტომ რომ გერმანია არის ჩემი ფავორიტი ქვეყანა. იტალიაში როცა ვიყავი სამედიცინო კონფერენციაზე “ფერარი” აჩუქეს ჩვენს მასპინძელს, ძრავი უკან რომ აქვს შუაში თავსახურით, 850 000 ღირდა, მაგ ავტომობილში ვიჯექი.
D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?
არასოდეს 🙂 . თუმცა არც არასოდეს ვარღვევ და მადლობა პატრულს, რომ უსმენენ ქართულ სიმღერას და უყვართ.
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
მხოლოდდამხოლოდ მოხმარებითი, როგორც გადაადგილების საშიალება.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
მოწესრიგებული, ფრთხილი. თუმცა როცა მეჩქარება მაშინ ავანტიურისტიც, მაგრამ არა დამრღვევი.
D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
ერთხელ ერთ მაღალ თანამდებობის პირთან ერთად ვმგზავრობდი, რომელსაც ღვედი არ ეკეთა. მე კიდე სულ მიკეთია. გააჩერეს, ეუბნებიან არ გვაინტერესებს თქვენი თანამდებობა დაარღვიეთო და ჯარიმას უწერდნენ. შემდეგ შემოიხედეს მანქანაში და მე რომ დამინახეს – შენი სიმღერით ავუხსენი ჩემს ცოლს სიყვარულიო და გაგვიშვეს 🙂 . გადავხედე მეგობარს, რომელიც მიხვდა იმას რომ ხალხის სიყვარულზე დიდი თანამდებობა არ არსებობს.
ჩემი მეუღლე მაგარი მძღოლია. ღმერთმა მშვიდობით ატაროს. ახალ წელს ღამით ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს ხოლმე. ეხლა საჭესთაბ თვალის გამო ვერ ვზივარ, ეგ მატარებს და დიდ ფულს ვუხდი 😀 😀 😀 . თითო მიყვანაში 100$. ანუ 31 -ში ღამე ჰონორარის წილში მიჯდება როგორც მძღოლი.
D: გიყვართ სიჩქარე?
კი, ოღონდ ავტობანზე ძალიან ცოტაა 110. ჩემი აზრით ქალაქში ღვედი არაა საჭირო, მაინც ყველას ხელით უჭირავს. რა აზრი აქვს საცობებია სულ და სიჩქარეს ვერ ანვითარებ. სიმთვრალეზე უმკაცრესი სასჯელი უნდა იყოს. ევროპელობა რომ გვინდა, მარტო ნდომაზე არაა, ნორმალურად ტარებაც იგულისხმება.
D: როგორ ფიქრობთ ყველაზე მეტად რა ავტომობილი იზიდავთ ქალებს?
ჩვენთან ჯიპები ურჩევნიათ. თუმცა ევროპაში ამაზე გაეცინებათ, იქ პატარა სპორტულ და კომფორტულ სედანებს ამოჯობინებენ.