სტატიები

Published on: 28 October 2014

ახალი საფრთხე ქალი მძღოლებისთვის

ვინ სძალავს ფულს ქალბატონებს?

როგორ დავიცვათ თავი, თაღლითებისგან 

რამდენიმე ხნის წინ “ფეისბუკზე” ახალგაზრდა ქალი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თავის მოვალეობად მიაჩნია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, წინასწარ იცოდნენ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და მასავით შარში არ გაებნენ. დახმარება მთხოვა, რომ ეს ონფორმაცია ჩვენი საიტის – გზაპრესს.გე-ს საშუალებით გამევრცელებინა.

საქმე ის გახლავთ, რომ ის არ არის ერთადერთი დაზარალებული და მასავით ბევრი ქალი ცდილობს, სიმართლის დამტკიცებას.

– მოდი, ჯერ მომიყევით, რა საფრთხეზე ლაპარაკობთ?
– დაახლოებით 1 თვის წინ, ვაკეში, ჭავჭავაძის პარალელურ ქუჩაზე მანქანით ვმოძრაობდი. მოგეხსენებათ, დღის საათებში ეს ვიწრო ქუჩები მუდამ გადატვირთულია და თუ მთლად საცობში არ დგახარ, ძალიან ნელა მოძრაობ. გზის მარჯვენა მხარეს პარკინგია და მანქანები ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებული. ჰოდა, ასეთი ნელი მოძრაობის დროს უცებ, დაპარკინგებული მანქანის წინა მხრიდან ბავშვი გამოვარდა და ჩემს მანქანას შეუვარდა. უცებ დავამუხრუჭე, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, ჩემი დამემართა, ერთიანად ავცახცახდი… ძლივს მოვიბრუნე გული და დაზარალებულის საშველად გადავედი. ამასობაში მას უკვე ახალგაზრდა გოგონა ეხმარებოდა წამოდგომაში. მერე გავიგე, რომ გოგონა მისი და ყოფილა. ხალხი შემოგვეხვია. დაზარალებული 11 წლის ბოშა ბიჭუნა აღმოჩნდა. მის წინ ჩავიმუხლე, თან შველას ვითხოვდი და – სასწრაფოში დარეკეთ-მეთქი, ხალხს ვთხოვდი. ისეთი დაბნეული ვიყავი, ჩემი ტელეფონი არც გამხსენებია. რიოგორც ჩანს, დარეკეს, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მივიდა. 

მანამდე დაზარალებულის დამ მითხრა, – არაფერი სჭირს, სანამ პატრული მოვა, წადით, პრობლემა არ შეგექმნათო. კიდევ კარგი, არ წავედი. პატრული და სასწრაფო თითქმის ერთდროულად მოვიდა. ხელ-ფეხი ერთიანად მიკანკალებდა და პატრული აქეთ მამშვიდებდა. ბავშვი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს, პატრულმა მე მას არ გამაყოლა, – უნდა დაგკითხოთო. ვინაიდან ბავშვის მდგომარეობის გამო ვნერვიულობდი, ახლობლებს დავურეკე და ვთხოვე, რომ გაჰყოლოდნენ და ყურადღება მიექციათ. ვინაიდან პოლიციის განყოფილებიდან გვიან ღამით გამომიშვეს, ბავშვს მეორე დღეს მივაკითხე. პალატაში დედამისი დამხვდა და მითხრა, – ჩვენ უმწეოთა პოლისი გვაქვს და მკურნალობას სახელმწიფო ანაზღაურებს, მაგრამ სამედიცინო მომსახურებაზე ლიმიტი გვაქვს დაწესებული, რაც ახლა უნდა ჩამოგვეჭრას იმის გამო, რომ შენ დაგვაზარალე, ამიტომ, მკურნალობის ხარჯი უნდა გადაგვიხადო, ნაღდი ფულით, თუ გინდა, რომ პოლციაში არ გიჩივლოთო.

GzaPress


– ბავშვს რა ჰქონდა დაზიანებული?
– ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
– და საფრთხე, რაზეც თქვენ ლაპარაკობდით, რაში მდგომარეობს?
– ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო… მოგეხსენებათ, თუ დაზარალებული საჩივარს არ დაწერს, უფრო იოლად შეიძლება გადარჩე და არ დაისაჯო. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ პოლიციასთან პრობლემები არ შემქმნოდა, ყველა პირობაზე დავთანხმდი. ავიყვანე ადვოკატი, რომელმაც მირჩია, ყველაფერი დოკუმანტურად გაგვეფორმებინა, ნოტარიუსთან. ფულის გადაცემაც და ისიც, რომ ხელწერილი დაეწერათ, მოთხოვნილი თანხის მიღების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ გაუჩნდებოდათ ჩემ მიმართ, მომავალშიც. როდესაც ნოტარიუსთან მივედით და ვუთხარით, რა საქმეც გვქონდა, ქალბატონს ჩაეცინა. – თქვენ უკვე მერამდენე ხართო… 

ამას ჩემმა ადვოკატმა ყური რომ მოკრა, გაიკითხა და აღმოჩნდა, რომ მართლაც ბევრი მსგავსი შემთხვევა ყოფილა, სადაც დაზარალებული ბოშა ბავშვია, დამნაშავე კი ქალი მძღოლი. საავადმყოფოში კიდევ ერთი ბოშა ბიჭუნა იწვა, რომელიც, როგორც იქაურმა მედპერსონალმა თქვა, ზედიზედ მესამედ იყო მათი პაციენტი. ერთ შემთხვევაში ველოსიპედით მიმავალს დაეჯახა მანქანა, დანარჩენ შემთხვევებში – ფეხით მიმავალს. მერე ჩემნაირი, “დამნაშავე” მძღოლი ქალბატონებიც ვნახე, ისინიც ზუსტად იმას ამბობენ, რომ ბავშვი ისეთ ქუჩაზე გამოვარდა მოულოდნელად, სადაც მანქანები სწრაფად ვერ მოძრაობენ, იმათაც ასევე გამოსძალეს ფული…

– გინდათ, თქვათ, რომ…

– იცით, დანამდვილებით ვიცი, რომ ბოშებმა ფულის გამოძალვის ხერხს მიაგნეს და ამ გზით საკმაოდ სოლიდურ თანხებს იჯიბავენ. შემიძლია, მოგცეთ ჩემნაირ სიტუაციაში მყოფი გოგონას ნომერი და მასაც გაესაუბროთ.

– კი, მაგრამ ასე ხომ ბავშვების სიცოხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ?
– სწორედ ამიტომ ირჩევენ ისეთ ქუჩებს, სადაც ბევრი მანქანაა და სწრაფი მოძრაობა არ არის. იციან, რომ მხოლოდ მცირე დაზიანებით გადარჩებიან. სამაგიეროდ, ფულს იჯიბავენ.

– თქვენ რა თანხა გადაუხადეთ?
– 2 500 ლარი, მკურნალობის ხარჯი, ასევე, მითხრეს, რომ მშობლები ვაგზალზე მუშაობენ (სინამდვილეში ვიცი, რომ მოწყალებას ითხოვენ) და რადგან ბავშვს სიარული არ შეეძლება, მშობლები თავზე უნდა დაადგნენ, რის გამოც მუშაობას ვერ შეძლებენ და 3 თვის მანძილზე დღეში 20 ლარი, ოჯახის კვების ფულიც უნდა გადავიხადო.

– ამაზეც დათანხმდით?
– დიახ, სხვა გზა მაინც არ მქონდა. ვერანაირად დავამტკიცებ, რომ ბავშვი განგებ ჩამივარდა ავტომობილის ქვეშ და რომ ეს შემთხვევით სულაც არ მოსვლია. გახსოვთ, ცნობილი ფაქტი იყო, რომ ადრეც იყო შემთხვევები, კომუნისტური რეჟიმის დროს, როცა ადამიანები ასეთი თაღლითური ქმედებით შოულობდნენ ფულს.

ნინო:
– შუქნიშანზე ვიყავი გაჩერებული. მოვიდნენ ბოშები და მოწყალება ითხოვეს. სანამ საფულე მოვძებნე და ხურდა მივეცი, ერთ-ერთი ბავშვი ამასობაში ჩემი მანქანის წინა საბურავებთან ჩამჯდარიყო. გერდთა მანქანიდან მძღოლმა რაღაც კი მანიშნა, მაგრამ ვერ მივხვდი, რა უნდოდა და მანქანა დავძარი. ამ დროს აკივლდა ქალი და ბავშვის განწირული ყვირილის ხმა გავიგონე. გიჟივით გადმოვხტი მანქანიდან. ათიოდე წლის, ხუჭუჭა ბიჭუნა ძირს იწვა და ფეხზე ხელს იკიდებდა. ფეხზე წამოვაყენე და იქვე გავსინჯე, – ექიმი ვარ და ეს პრობლემას არ წამოადგენდა ჩემთვის. პატრულიც მაშინვე მოვიდა და ჩემ მიერ გამოძახებული “სასწრაფოც”. ბავშვი გადაიყვანეს საავადმყოფოში. საღამოს, როცა პოლიციიდან წამოვედი, მეც მივაკითხე. დედამისმა 2 ათასი ლარი მოითხოვა, რომ საჩივარი არ დაეწერა. ვინაიდან ბავშვი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა (იდაყვები და მუხლის თავები გადაეყვლიფა), მეტის მოთხოვნა ვერ გაბედა.

– გადაიხადეთ?
– დიახ, გადავიხადე. ეს ოჯახი თბილისის ზღვაზე ცხოვრობს, კერძო სახლი აქვთ და მარტო გალავანი აქვთ ისეთი, რომ შეგშურდება. ბავშვი საავადმყოფოდან მე წამოვიყვანე და შინ მივიყვანე. სახლი მშვენივრად გაწყობილი და მოწყობილი აქვთ. მათხოვრობით იმდენ ფულს შოულობენ, რომ ჩემზე უკეთ ცხოვრობენ. როცა ამ საქმეს დავდევდი, მაშინ გავიგე, რომ თურმე ჩემნაირ მდგომარეობაში ბევრი ყოფილა. ახლობლებსაც სმენიათ, ბოშებს ფულის შოვნის ახალი ხერხისთვის რომ მიუგნიათ და უამრავი მსგავსი მაგალითი მომიყვანეს, რომელიც მათ საახლობლოში მძღოლ ქალებს შემთხვევიათ.

არც ერთმა რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან მათი თქმით, საქმეები ჯერ კიდევ ძიებაშია, არ დასრულებულა და ამ ეტაპზე თავის გამჟღავნება არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მხოლოდ საავარიო შემთხვევების სტატისტიკა, სადაც ცალკე არაა გამოყოფილი ბოშა ბავშვების შემთხვევები, რის გამოც ინფორმაციის დაზუსტება გამიჭირდა.

იმავე მიზეზით, ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მსგავს შემთხვევებზე ოფიციალური სტატისტიკა ვერ მოვიპოვე, თუმცა, პირად საუბარში, ერთ-ერთმა ნაცნობმა თანამშრომელმა გამიმხილა, რომ მსგავსი შემთხვევები გახშირდა – ბოშა ბავშვები, უმეტესად – ბიჭუნები, ხშრად ხვდებიან ავარიის შედეგად მიყენებული სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში.

GzaPress

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შემთხვევის დროს თავის დაცვა შევძლოთ?

გოგი ონიანი, იურისტი:
– სსკ 276 მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსით, მსუბუქი დაზიანება არ ისჯება. მძღოლი ამ შემთხვევაში ისჯება ადმინისტრაციულად, რა თმა უნდა, თუ დამნაშავეა და ისჯება არა ვინმესთვის მიყენებული სხეულის დაზიანებისთვის, არამედ იმისთვის, თუ რა დაარღვია: მაგალითად, გადააჭარბა სიჩქარეს, არასწორად გადაკვეთა ხაზი… ანუ საგზაო მოზრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმდება. ამდენად, თუ მართალი ხარ და საგზაო მოძრაობის წესები არ დაგირღვევია, ადამიანი რომ გარდაიცვალოს კიდეც, ვერ დასჯიან. სსკ 276 მუხლით არ იგულისხმება მარტო მძღოლი. ფეხით მოსიარულემ რომ დაარღვიოს მოძრაობის წესები, რის გამოც მძღოლმა დაკარგა მანევრი და დააზიანა სხვა ფეხით მოსარულე, საკუთარი თავი ან მგზავრი, ისჯება და არა – მძღოლი, არამედ ფეხით მოსიარულე. 

რაც შეეხება შემთხევას, როცა ავარიის შედეგად ზიანდება ბავშვი: ის რომ მისცე თაღლითობისთვის პასუხისგებაში, ასაკია გასათვალისწინებელი. შეიძლება მისცე პასუხისგებაში ის, ვინც ამას აკეთებინებს. რაც თქვენ მიამბეთ, ეს კონკრეტული მოქმედება შეიძლება დაკვალიფირდეს სხვადასხვა მუხლით – გამოიკვეთება თუ არა გამოძიებით თაღლითობა, გამოძალვა ან სხვა… მაგრამ მთავარი და რთულია, დაამტკიცო საკუთარი უდანაშაულობა და ის, რომ ფულიის გამოძალვის მიზნით შექმნა დაზარალებულმა საავარიო სიტუაცია. ამისათვის საჭიროა მოწმეები ან ვიდეო თვალი მანქანაში და რაც მთავარია, პროკურატურის ნება, რომ გამოძიება დაიწყონ, რასაც ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდო. ისე გაგაწვალებენ, რომ ხელს ჩაიქნევ. ამიტომ არსებობს გამოსავალი: მძღოლებმა არ გადაუხადონ ფული, თუნდაც დამნაშავე იყვნენ და გამომძალველები იძულებული გახდებიან, გაჩერდნენ. სადაზღვევო კომპანია, იმისათვის, რომ მკურნალობაში ფული არ გადაიხადოს, მოახდენს ზედწოლას შესაბამის ორგანოებზე, რომ ებრძოლონ მსგავს ფაქტებს.
ინტრნეტში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ვიდეოფაქტი, როცა მძღოლი გამართლდა და “მსხვერპლს” თაღლითობაში დასდეს ბრალი.


მარი ჯაფარიძე

წყარო: gzapress.ge

თეგები: , , , ,


Back to Top ↑