ავტოსპორტი

Published on: 22 September 2015

ავარიის მიუხედავად, აფხაზავა თავის კლასში კვლავ ლიდერობს

გასულ უქმეებზე, გერმანიის ნურბურგრინგზე, „ლამბორგინის“ სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს მორიგი, მე-5 ეტაპის ორი რბოლა გაიმართა, რომლებშიც შოთა აფხაზავა და მის გუნდ „არტლაინ ჯორჯიას“ ორი ეკიპაჟიც მონაწილეობდნენ. მართალია, აფხაზავას მეორე რბოლაში ინციდენტი შეემთხვა და ამის გამო, ფინიშთან მისვლა ვერ შეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად, თავის კლასში (მოყვარულები) მაინც დამაჯერებლად ლიდერობს.

პირველი რბოლის სტარტზე, აფხაზავა 21-ე ადგილზე იდგა, თუმცა რბოლის შუამდე, თანდათან წინ წაიწია. ჯერ რამდენიმე მეტოქეს გაასწრო, შემდეგ კი, სავალდებულო პიტ სტოპების დროს, მის წინ მყოფმა რამდენიმე პილოტმა ბოქსებს მიაშურა და სანამ იქ ქართველი მრბოლიც შევიდოდა, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. საბოლოოდ კი რბოლა აბსოლუტურ ჩათვლაში მე-15, თავის კლასში კი მეორე პოზიციაზე დაასრულა.

რბოლა კარგად დაიწყო პრო-ამ (პროფესიონალ-მოყვარულები) კლასში „არტლაინ ჯორჯიას“ ლატვიელმა პილოტმა ჰარალდ შლეგელმილხმა, რომელიც კარგა ხანს მერვე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მე-17 წუთზე ლატვიელს ერთ-ერთ მეტოქესთან ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა.

lambo lambo1

მეორე რბოლა აფხაზავამ მე-15 პოზიციიდან დაიწყო და სულ რაღაც ერთ წრეში, მე-11 ადგილამდე დაწინურდა. ტემპიც კარგი ჰქონდა და ისე ჩანდა, რომ უფრო მაღალი კლასის მეტოქეებსაც უკან ჩამოიტოვებდა, მაგრამ მე-13 წრეზე, როცა სიმონე პელეგრინელის გასწრებას ცდილობდა, იტალიელმა რატომღაც საჭე მისკენ მიატრიალა… აფხაზავა დატრიალდა და მართალია გზის გაგრძელება შეძლო, მაგრამ სარბოლო ტემპი ვეღარ შეინარჩუნა, რადგან შეჯახებამ მისი მანქანის მარჯვენა ნაწილი ძლიერ დააზიანა. საბოლოოდ, აფხაზავამ ბოქსში შეუხვია და იქიდან აღარც გამოსულა.

ამის მიუხედავად, თავის კლასში აფხაზავა პირველია, 101 ქულა აქვს და 24 ქულას უგებს მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ შვეიცარიელ მარკ ინაიხენსა და რუს მიხაილ სპირიდონოვს. შლეგელმილხი თავის კლასში (პრო-ამ) მე-7 ადგილს იყოფს რუს თანაგუნდელ მიხაილ სტეპანვთან, რომელმაც მეორე რბოლა მე-11 ადგილზე დაასრულა.lambo3lambo2

„ლამბორგინის“ ევროპულ სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს ბოლო ეტაპს, ამერიკის სებრინგის (ფლორიდა) ტრეკი 19 ნოემბერს უმასპინძლებს, იმავე უქმეებზე კი იქვე მსოფლიო ფინლი გაიმართება, სადაც ევროპული სერიის გარდა, აზიისა და ამერიკის სერიების საუკეთესო მრბოლებიც იასპარეზებენ.

დაბოლოს, 26-27 სექტემბერს, ნურბურგრინგზევე, ფორმულა 3-ის ევროპული ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი გაიმართება, სადაც „არტლაინ ჯორჯია“ თავისი წარმოების უახლესი ბოლიდით იასპარეზებს. ერთ-ერთი ავტომობილის საჭესთან, შლეგელმილხი იჯდება.

თეგები: , ,


Back to Top ↑
  • tires
  • auto insurance