ავტოსპორტი

Published on: 18 September 2015

„არტტექ P315“ „დალარასთან“ პაექრობისთვის მზადაა

ავტოსპორტის ქართველ მოყვარულს უთუოდ ემახსოვრება შოთა აფხაზავას სარბოლო გუნდი „არტ ლაინი“, რომელიც გერმანიის ფორმულა 3-ის ჩემპიონატში, ქართული დროშით ასპარეზობდა. გუნდმა 2009 და 2010 წლებში, ფ3-ში გერმანიის თასი მოიგო და იმის ამბიციაც ჰქონდა, რომ ძირითად სერიაშიც მიეღწია გამარჯვებისთვის. რაც მთავარია, ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც „დალარას“ შასის გარდა, საკუთარსაც იყენებდა. ფ3-ში, მაშინაც და ახლაც, ეს დასაშვებია.

კომპანია „არტ ლაინ ენჯინიარინგს“, წლების განმავლობაში, საკუთარი სარბოლო ტექნიკის შემუშავების მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა. მისი ტექნოლოგური ცენტრი მოსკოვში მდებარეობს და ცნობილი ავტო-საგზაო ინსტიტუტის სპეცალისტებთან (თავად აფხაზავას ეს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული) თანამშრომლობს. გუნდმა საკუთარი ტექნიკური პერსონალიც გამოზარდა, რომელმაც დროთა განმავლობაში, სრულად აითვისა კომპიუტერული პროექტირების ცოდნა და აეროდინამიკის სრულყოფისა და ტესტირების კომპიუტერული ტექნოლოგია.

და აი, ამ წლის დასაწყისში, კომპანიამ დაასრულა ახალ სარბოლო ავტომობილ „არტტექ P315-ზე“ მუშაობა, რომლის მონოკოკმაც, მარტის ბოლოს, ოფიციალური ქრეშ ტესტებიც გაიარა და ამგვარად, ფ3-ის რბოლებში მონაწილეობის უფლებაც მიიღო. როგორც შოთა აფხაზავა ამბობს, მონოკოკის პროექტირებისას, განსაკუთრებული ყურადღება კოკპიტის უსააფრთხოებას დაეთმო. მის გარშემო, სტრუქტურის ფორმირებისას, კევლარის გარდა, ზილონის კომპოზიტი გამოიყენეს, რომელსაც დღეისათვის მხოლოდ ფორმულა 1-ში იყენებენ. გარდა იმისა, რომ ასეთი კომპიზიტი მტკიცეა, შედარებით მაღალი დენადობითაც გამოირჩევა, რაც მის მაღალ ენერგოშთანმთქმელ თვისებას უზრუნველყოფს.

Formula-3-Arttech-P315-12

ქრეშ ტესტებისას, განსაკუთრებული ყურადღება ცხვირის ნაწილის სტრუქტურის შემუშავებას დაეთმო. მანქანის ეს მეტად მსუბუქი ნაწილი, 72 კმ/სთ სიჩქარით შეჯახებისას, უნდა დაიშალოს და დარტყმის ენერგიის ნაწილი შთანთქას, რითაც მონოკოკის სტრუქტურის მთლიანობას უზრუნველყოფს. აფხაზავას თქმით, ტესტების დროს, ცხვირის ეგრეთ წოდებული ქრეშ ბოქსი (შეჯახების ყუთი) მთლიანად დაიშალა წვრილ ნამცეცებად, რაც იმას ნიშნავს, რომ დარტყმის დროს წარმოქმნილი ენერგია მასზე თანაბრად განაწილდა და მაქსიმალურად შთაინთქა. რაც მთავარია, დარტყმის დროს, მილიწამებზე გათვლილი ენერგიის შთანთქმის პორციები, ქრეშ ტესტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.

ქრეშ ტესტის გავლა იმას ნიშნავს, რომ „არტტექ P315-ს“ 2018 წლამდე, ფორმულა 3-ის რბოლებში მონაწილეობის უფლება გარანტირებული აქვს. სხვათა შორის, FIA-ს ტექნიკური კომისია მალე დაიწყებს ფ3-ის ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობას, რომელშიც მონაწილეობას იტალიურ კომპანია „დალარას“ გარდა, ფრანგული „მიგალი“, იტალიური „ტატუსი“ და „არტ ლაინი“ მიიღებენ, რომელსაც მოსკოვის გარდა, ოფისები გერმანიასა და რუსთავშიც აქვს. სხვათა შორის, მალე რუსთავის მოტორპარკის ტერიტორიაზე, ახალი კორპუსი აშენდება,სადაც „არტ ლაინ ენჯგინიარინგი“ სარბოლ ტექნიკას გამოუშვებს (ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ) და სწორედ ამიტომ, ამ ტექნიკას წარწერა Made in Georgia დაამშვენებს.

Formula-3-Arttech-P315-9

აფხაზავა ამბობს, რომ ავტომობილის პროექტირებისას, კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, ინჟინრებს საწყის ეტაპზევე ისეთი წვრილმანების გათვალისწინების საშუალებას აძლევს, რომლებიც ხშირად ტესტების დროს იჩენს ხოლმე თავს. ეს „წვრილმანები“ საქმეს ართულებს და რაც მთავარია, საბოლოო პროდუქტის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. რუსთავის ავტოდრომზე ტესტებისას, რა დროსაც „არტტექ P315-ს“ უკვე 2000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, რაიმე სერიოზული პრობლემა არ წარმოქმნილა და ბოლიდმა შესაშური საიმედობა გამოავლინა.

აეროდინამიკის კომპიუტერული ტესტებიც ახალი სიტყვაა მოტორსპორტში. აფხაზავას თქმით, ამ ტექნოლოგიას, აეროდინამიკურ მილთან შედარებით, რიგი უპირატესობები გააჩნია და მალე მას სრულად გამოდევნის კიდეც. მიზეზი შემდეგშია: მილში ტესტირების დროს, ავტომობილის მხოლოდ წრფივი მოძრაობის იმიტირებაა შესაძლებელი. მაგრამ ისეთ სიტუაციას, როგორიც მაგალითად სწრაფი მოსახვევის გავლაა, მილის ტესტები ვერ უზრუნველყოფს. კომპიუტერს კი ეს შეუძლია. კომპიუტერით კიდევ არაერთი არასტანდარტული მდგომარეობის გათვალისწინებაა შესაძლებელი.

მაგალითად, სამუხრუჭე სისტემიდან გამომავალი გახურებული ჰაერის, ასევე ძრავის სეგმენტიდან გამოსული, გახურებული აირისა, რომელიც გაფართოებულია და ამიტომ განსხვავებულ გაანგარიშებას საჭიროებს. აეროდინამიკა იცვლება მოსახვევში, ჰაერის ნაკადის შეტევის კუთხის ცვალებადობისას. მახასიათებლები ძლიერ იცვლება, როცა დამუხრუჭებისას და მოხვევისას, მანქანის ძირის დაშორება გზის საფარისგან და ძირის ჰორიზონტალური მდგომარეობა იცვლება. ამ ყველაფერს და სხვა ფაქტორებსაც, კომპიუტერი ითვალისწინებს, აეროდინამიკურ მილში „ჩაბერვა“ კი – არა. სწორედ ამიტომ, „არტტექ P315-ის“ პროექტირების ძირითადი ნაწილი კომპიუტერებით შესრულდა.

Formula-3-Arttech-P315-6

ტესტებისას საჭესთან ახალგაზრდა ლატვიელი მრბოლი ჰარალდ შლეგელმილხი იჯდა, რომელსაც ღიაბორბლიან სერიებში ასპარეზობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დაგროვილი. გარდა ამისა, ამჟამად აფხაზავასთან ერთად, „ლამბორგინის“ მონო სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს ჩემპიონატში ასპარეზობს. შლეგელმილხის თქმით, „არტტექ P315“ სწრაფი და საიმედო სარბოლი ავტომობილია. როგორც წესი, ახალი ტექნიკის პირველ ტესტებზე, ბევრი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, ამ შემთხვევაში კი პრობლემა თითქმის არ ყოფილა. არადა, ბოლიდს უკვე 2 ათასზე მეტი კილომეტრი აქვს გავლილი.

შლეგელმილხს ტესტების დროს, „არტტექ P315-ის“ ძველი თაობის „დალარას“ ბოლიდთან შედარების საშუალებაც მიეცა. წრეზე სხვაობამ 1.7 წამი შეადგინა, „არტტექის“ სასარგებლოდ. ეს კი დაახლოებით ისეთივე უპირატესობაა, რაც „დალარას“ ახალ ბოლიდს წინა თაობისასთან აქვს. ანუ თეორიულად, „არტტექ P315“ სრულიად კონკურენტუნარიანია. და ეს მხოლოდ პირველი ტესტების შემდეგ.

„არტტექ P315-ის“ კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურება, მისი საკიდარია. მოტორსპორტულ სამყაროში ამ ტიპის საკიდარს პულ-როდ (გამწევბერკეტიანი) სისტემას უწოდებენ. მას აქვს არაერთი დადებითი თვისება – აწეულცხვირიან ბოლიდებზე, საკიდარის მუშა ელემენტების უმეტესობა კორპუსის ძირში თავსდება, რაც სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბერკეტის განლაგება, აეროდინამიკური წინააღმდეგობის შემცირების საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ფ1-ში მსგავს სისტემას მხოლოდ „ფერარი“ იყენებს, რადგან მისი „ჭკუაზე მოყვანა“ ბევრ სირთულეს უკავშირდება და სხვები თავს არ იტკიებენ. მაგრამ „არტტექ P315-ის“ შემთხვევაში, ამ მხრივაც ყველაფერი რიგზეა. ამასთან, ავტომობილს უკანაც გამწევბერკეტიანი საკიდარი ემსახურება.

Formula-3-Arttech-P315-2

უკანა სისტემაზე ცალკე ღირს ყურადღების გამახვილება. მისი ძირითადი ელემენტები, ძრავსა და გადაცემათა კოლოფს შორის არსებულ გარდამავალ სტრუქტურაში არსებულ გამჭოლ სეგმენტშია განლაგებული. ძირითადი დრეკადი ელემენტი ტორსიონია. აფხაზავას თქმით, სისტემის თავისებურება ისაა, რომ ორივე ბორბალს ერთმანეთთან უშუალო კავშირი აქვს, რაც დატვირთვის მათ შორის გადანაწილების საშუალებას იძლევა. მაგალითად, მოსახვევის გავლისას, შიდა რადიუსზე მოძრავი ბორბალის ჩაჭიდება მცირდება, „არტტექ P315-ის“ საკიდარი კი, გარე რადიუსზე მოძრავი, უფრო დატვირთული საბურავიდან, დატვირთვის ნაწილის შიდაზე გადანაწილების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება ძრავს. ესაა კომპანია „ნილ ბრაუნ ინჯინრინგის“ (NBE) 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელმაც გასული სეზონი, მაკაოს რბოლაში მოპოვებული საპრიზო ადგილით დაასრულა. ამ ძრავმა „ფოლკსვაგენის“ და „მერსედესის“ ძრავებთან, თავისი კონკურენტუნარიანობა დაამტკიცა. საინტერესოა ისიც, რომ „არტ ლაინი“ ფრანგულ კომპანია „ორეკას“ (რომელიც ძრითადად გამძლეობაზე რბოლებზეა ორიენტირებული) აგრეგატის ტესტირებასაც აპირებს.

ამჟამად „არტტექ P315“ პრაქტიკულად მზადაა რბოლებში მონაწილეობისთვის. რუსთავის ტესტები მალე დასრულდება და გუნდი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ფ3-ის ევროპული სერიის ბოლო ორ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. მათგან პირველი ნურბურგრინგზე, 25-27 სექტემბერს გაიმართება, სერიის ბოლო, მე-11 ეტაპს კი ჰოკენჰაიმი 16-18 ოქტომბერს უმასპინძლებს. გუნდს ორი პილოტი ეყოლება, რომელთაგან ერთი შლეგელმილხია, მეორე ადგილზე კი გერმანელ პილოტს მიიწვევენ.

წყარო:Rim.ge

თეგები: , , ,


Back to Top ↑
  • tires
  • auto insurance