სტატიები

Published on: 07 September 2017

„ახალციხელი“ – საქართველოში ხელით აწყობილი 1933 წლის Ford Replica

Ford-ის 1933 წლის მოდელი გურამ სუდაძემ ახალციხეში, საკუთარი ხელით ააწყო. თეთრზოლიან, წითელ „რეპლიკას“ სახელიც შესაბამისი აქვს – „ახალციხელი“. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, ამ პროექტზე 4 წლის მანძილზე მუშაობდა. თუმცა, მისთვის ეს პირველი ნამუშევარი არ ყოფილა. სამუშაო პროცესზე, გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე „მარკეტერი“ გურამ სუდაძეს ესაუბრა:

ახალციხელს“ 4 წლის განმავლობაში ვაწყობდი. ეს არის Ford-ის „რეპლიკა“, 1933 წლის გამოშვება. აღნიშნული მოდელი, დაახლოებით, 30 000 USD ღირს, მე კი სულ 3 000 USD დამიჯდა. ძალიან გავს ორიგინალს. თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელით გავაკეთე. ყოველთვის მომწონდა და მინდოდა მისი აწყობა“.

M: სპეციალური განათლება გაქვთ? როგორ მოახერხეთ მარტო მანქანის აწყობა?
პროფესიით ავტო ინჟინერი ვარ. ახალგაზრდობაში, რამდენიმე წელი ელექტრო შემდუღებლად ვმუშაობდი, შესაბამისად, ამ მიმართულებით, გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. სულ მიყვარდა ტექნიკა, ბავშვობაში ავაწყვე კიდეც ერთი მანქანა. რა თქმა უნდა, ის სხვა მასშტაბის სამუშაო იყო. რაც ყველაზე მთავარია, გამოცდილება მუშაობის პროცესში მოდის. თავიდანვე ყველაფერი არ გამოგდის, გიწევს გადაკეთება, კონკრეტული დეტალის თავიდან დამუშავება. დიდი შრომის ფასად, საბოლოოდ შედეგსაც მიაღწევ.

M: უშუალოდ მუშაობის პროცესზე რომ გვიამბოთ. . .

სულ მარტო ვმუშაობდი. რასაც მე ვაკეთებ, სიმართლე გითხრათ, იმის მცოდნე ადამიანი არც მყავს გარშემო. ბევრი ვიშრომე, თან ვსწავლობდი, თან ვაკეთებდი და როგორც იქნა, რამდენიმე დღის წინ „ახალციხელის“ აწყობაც დავასრულე.

M: თქვით, რომ „ახალციხელი” თქვენი პირველი ნამუშევარი არ ყოფილა . . . 

ეს ჩემი მესამე მანქანაა. ერთი როგორც გითხარით ბავშვობისას ავაწყვე, შემდეგ იყო ყვითელი „ბაგი“, რომელსაც 4-5 წლის მანძილზე ვაწყობდი.

M: ანუ, „ახალციხელის” აწყობისას გარკვეული გამოცდილება უკვე გქონდათ . . . 

ნელ-ნელა დავიხვეწე, „ახალციხელს” რომ ვაწყობდი, წინა შეცდომები აღარ გავიმეორე და შედეგსაც მივაღწიე. ახლა მანქანამ უნდა გაიაროს ტექნიკური დათვალიერება და ავიღო შესაბამისი დასკვნა, მომსახურების სააგენტო მიანიჭებს დროებით ნომრებს. შემდეგ, დაახლოებით, 6 თვის მანძილზე უნდა გავიარო 5 000 კმ, ისევ გაიაროს მანქანამ ტექ. დათვალიერება. თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, მომცემენ მუდმივ ნომრებს.

M: ახალციხელი, ალბათ, სპორტული მიზნებისთვის არ არის განკუთვნილი . . .

არა, ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავტომობილი. სპორტულ ავტომობილს ძალიან დიდი ბიუჯეტი სჭირდება. „რეპლიკა“ იქნება მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ასე ვთქვათ, სასეირნო მანქანა.

M: პარალელურად ხომ არ მუშაობდით სხვა მოდელზე, ან ხომ არ გაქვთ შერჩეული რომელიმე მოდელი ასაწყობად?

დეკემბერში ვიყიდე მოტოციკლი, 1000 კუბიანი, ჰონდა. დამტვრეული იყო, „ცხვირი“ არ ჰქონდა. მის ბაზაზე დავიწყე სამ ბორბლიანი ტრაიკის აწყობა. მუშაობას, ალბათ, რამდენიმე თვეში დავასრულებ. მოკლედ რომ გითხრათ, მე ვაწყობ მოდელებს, რომლებიც ძალიან მომწონს, მაგრამ მათი ქარხნული გამოშვება ძალიან ძვირი ღირს. საკუთარი ხელით აწყობა, დაახლოებით, 10-ჯერ იაფი მიჯდება.

M: თუმცა, ეს თქვენი ძირითადი საქმიანობა არ არის . . .

არა, ეს არის ჰობი, ჩემი გატაცება. მაქვს ოჯახური ბიზნესი და ძირითადად, იმ საქმით ვარ დაკავებული. მანქანები კი ჩემი გატაცებაა. შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ძალიან მიყვარს.

M: ხომ არ აპირებთ, თქვენი დღევანდელი გატაცება მომავალში ბიზნესად აქციოთ? ან დაფინანსება ხომ არ შემოუთავაზებიათ? 

არა, შემოთავაზება არ მქონია. არ მგონია, ვინმემ ავტო ინდუსტრიაში ფული ჩადოს. ბიზნესის კუთხით არც მე ვუყურებ ამ საქმეს.

M: სამომავლოდ რა გეგმა გაქვთ?

ჯერ არაფერი დამიგეგმავს, როგორც გითხარით, ტრაიკის აწყობა უნდა დავასრულო.

თეგები: , ,


Back to Top ↑
  • tires
  • auto insurance