სტატიები

Published on: 18 September 2017

7 მარტივი გზა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის შესამცირებლად

თუ ჯერ არ მოხვედრილხართ ავარიაში, შეგიძლიათ, თავი იღბლიან ადამიანად ჩათვალოთ.

თქვენ რომ საშუალო სტატისტიკური მძღოლი იყოთ და ამერიკის რომელიმე შტატში ცხოვრობდეთ, 12.9 წელიწადში ერთხელ მაინც შეატყობინებდით თქვენს სადაზღვევო კომპანიას შეჯახების შესახებ, საქართველოში კი ავარიის საფრთხე კიდევ უფრო რეალურია, გარდა ამისა, იმის შანსიც მეტია, რომ ეს ინციდენტი ფატალურად დასრულდეს.  ჩვენს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად 600-მდე ადამიანი იღუპება. ევროკავშირში ამ კუთხით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ლატვიას აქვს, ჩვენი სტატისტიკა კი მათზე 1.5-ჯერ უარესია. თუ მიმოხილვის არეალს კიდევ უფრო დავავიწროვებთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველ სამეულში შედის. ასე რომ, თუ ამ სტატიას კითხულობთ, უკვე ძალიან გაგიმართლათ.

წარმოვიდგინოთ, რომ მართვის მოწმობა 18 წლის ასაკში აიღეთ და მას შემდეგ საჭეს არ მოცილებიხართ. საკმაოდ დიდი შანსია, რომ 32 წლამდე ერთ ავარიაში მაინც ამოყოთ თავი. ხოლო, თუ მანქანის მართვას მთელი ცხოვრების განმავლობაში გააგრძელებთ, 4-5 შეჯახებას მაინც მოესწრებით.

იმედია, ეს შეჯახებები სავალალო არ იქნება, მაგრამ დაზუსტებით ამას ვერავინ გეტყვით. კარგი მძღოლობა – ერთია, მაგრამ ყველა ფაქტორს თქვენ ვერ გააკონტროლებთ (ამინდი, სხვა მძღოლები, მანქანის მოულოდნელი გაუმართავობა…).

რა არის დამოკიდებული უშუალოდ მძღოლზე და როგორ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ საგზაო რისკები?

1.მართეთ ყოველთვის ფხიზელმა

ყველას გვყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელიც თავზეხელაღებული გართობის მერეც კი მანქანით ბრუნდება სახლში. პრინციპში, რაკი ლოკალურ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ყველას გვყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელიც საჭესთან ნასვამი არასდროს ჯდება, სხვები კი – მეტ-ნაკლებ სიმთვრალეს პრობლემად სულაც არ თვლიან, და თუ ყველას გვყავს ასეთი მეგობრები, ესე იგი, გზებზეც სწორედ ეს ადამიანები მოძრაობენ.

სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რომ მობილიზებული გონება მძღოლის მთავარი ინსტრუმენტია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2010 წელს არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს მომხდარი 196 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 30 სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

2. მოერიდეთ მართვას “ვამპირის საათებში”

გზებზე ყველაზე სახიფათო და მომაკვდინებელი “ფანჯარა” ღამის 12-დან 3 საათამდეა. განსაკუთრებით კი, შაბათსა და კვირას. ამ დროს ყველაზე მეტი არაფხიზელი მძღოლი მოძრაობს გარეთ და თქვენი რეფლექსებიც შედარებით შენელებულია. ეცადეთ, თავი აარიდოთ ღამით საჭესთან ჯდომას, მაგრამ თუ აუცილებლად უნდა წახვიდეთ სადმე, ჩვეულებრივზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

3. იფიქრეთ 12 წამით წინ

მოახდინეთ კონცენტრაცია გზის იმ ნაწილზე, რომელზეც 10-12 წამში აღმოჩნდებით. თუ დიდი სიჩქარით მიდიხართ, დაიცავით საკმარისი დისტანცია წინ მიმავალ მანქანასთან. ნუ იფიქრებთ, რომ სხვა მძღოლების ტრაექტორიის გამოცნობა შეგიძლიათ, იფიქრეთ საკუთარ ტრაექტორიაზე.

4. უყურეთ გზას

ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღუპება საჭესთან სმარტფონების გამოყენების გამო. თუ ნასვამ მდგომარეობაში ყურადღება მოდუნებულია, ტელეფონზე ლაპარაკის დროს ყურადღება მთლიანად იფანტება და ავარიის რისკი 23-ჯერ იზრდება.

საფრთხე რეალურია და სწორედ ამ გზავნილის გავრცელებას ემსახურება ყოველწლიურად ასობით სოციალური კამპანია.

 

5. არ გადააჭარბოთ სიჩქარეს

სადაზღვევო კომპანიებმა კარგად იციან, რომ სიჩქარესთან თამაში სახიფათოა.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ზოგ ადგილას დასაშვები სიჩქარე ძალიან დაბალია, მაგრამ რამდენ დროს იგებთ, როცა დაწესებულ ლიმიტს აჭარბებთ? მაგალითად,თუ 50 კილომეტრის დასაფარად სიჩქარეს საათში 90-დან 110 კილომეტრამდე გაზრდით, მხოლოდ ექვს წუთს დაზოგავთ. გიღირთ ექვსი წუთის გამო სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?

6. გაიკეთეთ ღვედი

შეერთებული შტატების ერთ-ერთ სამთავრობო სააგენტოს თანახმად,  2005-2009 წლებში მხოლოდ უსაფრთხოების ღვედებმა 72 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. თუ არ შეიკრავთ უსაფრთხოების ღვედს, მხოლოდ  ბალიშის იმედად ვერ დარჩებით, რომელიც ზოგ შემთხვევაში თავადაც საშიშია. ამიტომ, ჩვევად აქციეთ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება და იგივე მოსთხოვეთ თქვენს მგზავრებსაც.

7. ნუ იქნებით ძილის “მოვალე”

ცხოვრების ჩქარი რიტმისა და უამრავი საქმის გამო, ჩვენ ყოველღამე საათ-ნახევრით ნაკლები გვძინავს, ვიდრე ჩვენს წინაპრებს ეძინათ XX საუკუნის დასაწყისში. გარდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა, უძილობა შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაგიჯდეთ.
საკმარისია, ყოველღამე 7-9 საათზე ნაკლები იძინოთ, რომ თქვენ ძილის “მოვალე” ხდებით.

ამერიკის საავტომობილო ასოციაციასთან არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფონდის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია: “ჩვეულებრივი სამუშაო კვირის განმავლობაში ადამიანს ყოველღამე ნორმაზე 30-40 წუთით ნაკლებიც რომ ეძინოს, კვირის ბოლოს ძილისადმი მისი “დავალიანება“ 3-4 საათს შეადგენს, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დღის განმავლობაში საჭესთან მისი ყოფნა საშიში იყოს”.

გახსოვდეთ, არც გამოცდილი და არც ახალბედა, არც ხანშიშესული და არც ახალგაზრდა მძღოლი არაა დაზღვეული ავტოავარიისგან. შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ თქვენზე დამოკიდებული რისკები და დააზღვიეთ თქვენი მანქანა მოულოდნელი უსიამოვნებებისგან.

გისურვებთ, მწვანე შუქზე გევლოთ!

რუბრიკის სპონსორია სადაზღვევო კომპანია GPI Holding

თეგები: , , ,


Back to Top ↑